საიტი სატესტო რეჟიმშია

აჭარის ტურიზმის განვითარების სტრატეგია

სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმა

„სამუშაოების დაგეგმვის, ორგანიზების, შესრულების, კონტროლისა და შედეგების წარმოდგენის პროცესი კომპანიამ შეასრულა კვალიფიციურად. პროექტში ჩართული თანამშრომლები გამოირჩევიან საქმისადმი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობის მაღალი დონით. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს მას, როგორც მაღალკვალიფიციურ კომპანიას.“

დეპარტამენტის თავმჯდომარე - თინათინ ზოიძე

2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით, ჩვენ შევიმუშავეთ აჭარის რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგია  2019-2025 წლებისთვის. პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა:

- აჭარის რეგიონის ტურიზმის სფეროს ანალიზი; 

- აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ანალიზი თითოეული მუნიციპალიტეტის მასშტაბით;

- აჭარის, როგორც 4 სეზონის კურორტის, პოზიციონირებისათვის შესაბამისი ტურისტული პროდუქტების/სერვისების გამოვლენა და მათი განვითარების გეგმის შემუშავება

- ძველი ბათუმის ტურისტულ პროდუქტად განვითარების გეგმის შემუშავება

აჭარის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება კომპლექსური სამუშაოების შესრულებასთან იყო დაკავშირებული და შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. პირველ რიგში ჩავატარეთ საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, გაიმართა 40-მდე შეხვედრა, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის მერიასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებთან, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან. 

ადგილზე გავეცანით თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას, შევხვდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და იქ მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩავატარეთ 5 ფოკუს ჯგუფის შეხვედრა სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან, მათ შორის იყვნენ: გიდები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, დიდი და მცირე ზომის სასტუმროები, კვების ობიექტები, ბათუმის მაცხოვრებლები.

შევისწავლეთ სტრატეგიული დოკუმენტები, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი მუნიციპალიტეტების, ასევე ეროვნულ დონეზე. გამოვითხოვეთ სტატისტიკური  ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებიდან. ჩავატარეთ 2 რაოდენობრივი კვლევა შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: 

- ბათუმის მოსახლეობის ცნობადობის დონე ტურიზმის სფეროს შესახებ;

- აჭარაში მყოფი ევროპელი (შენგენის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი) ტურისტების კვლევა. 

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოვამზადეთ საბაზისო კვლევის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრობლობით. სტრატეგიულ დოკუმენტში - როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის,  ასევე რეგიონის დონეზე - გამოკვეთილია ძირითადი გამოწვევები და განვითარების მიმართულებები. გაწერილია გრძელვადინი მიზნები და შესაბამისი აქტივობები მათ მისაღწევად.