კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა
სოციოლოგიური კვლევაარასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა ქვეყანაში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა.
აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების კვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში მათი ჩართულობის შესახებ.
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის ტექნიკას. პირველ ეტაპზე რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გამოვიკვლიეთ სამიზნე აუდიტორია - თბილისსა და რეგიონებში რეგისტრირებული 1,053 მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაცია.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ინტერვიუები ჩავატარეთ ორგანიზაციის ტოპ მენეჯერებთან ვრცელი და კომპლექსური კითხვარის გამოყენებით. შევაფასეთ ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციების ჭრილში.
მეორე ეტაპზე ჩავატარეთ თვისებრივი კვლევა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ცნობადობისა და ამ კუთხით კომპანიების ჩართულობის შესახებ. თვისებრივი კვლევა ჩავატარეთ სიღრმისეული პირისპირი ინტერვიუების საშუალებით 30 სხვადასხვა ზომის და სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციასთან. შედეგად, დავადგინეთ თუ რა ინფორმაციას ფლობს საქართველოში ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და რამდენად არის ჩართული მათ განხორციელებაში.
მსგავსი მასშტაბის კვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის თემატიკაზე საქართველოში არ არსებობდა, შესაბამისად, შესრულებული პროექტი შესაძლებელია გამოდგეს ამ მიმართულებით სიტუაციის საბაზისოდ შესაფასებლად.
რაოდენობრივი კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: shorturl.at/evIV6
თვისებრივი კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: shorturl.at/aeiuU